საქართველოში ლიეტუვის საელჩო 22 ნოემბერს, ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

შესაბამისი განცხადება დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

„დღეს, საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღეს, ჩვენი ფიქრები ქართველ ხალხთანაა. საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, ასევე ყველას, ვისაც თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქება შეეხო“, – აღნიშნულია ლიეტუვის საელჩოს განცხადებაში.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა.

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.