აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძე მამის პანაშვიდზე მიიყვანეს, - ამის შესახებ ონისე ცხადაძის ძმა სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი. მამასაც შეეხო ონო და ეფერა.

უღრმესი მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა პენიტენციურ და საბადრაგო სამსახურებს. რომ არა მათი ნება და კეთილგანწყობა, ონო ამას ვერ შეძლებდა.

და, რა თქმა უნდა, განუზომელი მადლობა ლაშა წულუკიძეს, რომლის ვალიდან ვერასოდეს ამოვალ", - წერს სანდრო ცხადაძე.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის მამა 26 ივნისს გულის შეტევით გარდაიცვალა.