"ნანიკო არ გაუშვიათ, ის ვიდეოშიც ამბობს, რომ თავად წავიდა, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია" - ამის შესახებ გია ჯაჯანიძემ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"წუხელ ჩამოვფრინდი საქართველოში, არცერთი კომენტარი არ მინახავს. მე და ნანიკო ვმეგობრობთ, ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნანიკო არ გაუშვიათ, ის ვიდეოშიც ამბობს, რომ თავად წავიდა. რაც თქვენ ნახეთ, ის ვნახე მეც, ნანიკოს კომენტარი.

არავინ არ იცის, რა მდგომარეობაში სად რას გააკეთებს ადამიანი. მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო. ვუთხარი, რომ ხუმრობის დრო არ იყო და დამთავრდა. ღამე ვესაუბრეთ ერთმანეთს, ვუთხარი, კარგი რა, ნუ შემაწუხე იმით, რომ წუხხარ, რა იყო, თავი ხომ არ მოგიჭრია-მეთქი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქრისტიანი ერი ვართ და მივუტევოთ ერთმანეთს, მოხდა ასე, ადამიანისთვის შემთხვევით ფეხი არ დაუბიჯებიათ, არ სტკენია? მოხდა ასე, სპეციალურად ხომ არ უქნია. საერთოდ, ადვილად ვპატიობ ყველას ყველაფერს. ხომ გითხარით, ძალიან გვიან ჩამოვფრინდი და არც მინახავს კომენტარები. ადამიანი როდესაც ამბობს, რომ სამსახური დავტოვე, რაც არ უნდა იყოს, ხომ არ შეიძლება იმ ადამიანის ასეთი ლანძღვა და შეურაცხყოფა. მოხდა და გაიარა, იმ წამს, უნებლიედ მოხდა.

ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს (ხომ ხედავთ გვქონდა-მეთქი არ ვამბობ), შეიძლება იმწუთას ორნელა რომ იყო მომერიდა, შეიძლება ავყოლოდი კიდეც, მაგრამ მეც ხომ არ გავარტყამდი. მე უბრალოდ ვერ ვუყურებ ნანიკოს "იმედიდან" წასვლას. როცა არსებობს ღალატი, ტრაგედია და სიკვდილი, არაფერი - არაფერია", - აცხადებს ჯაჯანიძე Ambebi ge-სთან.

გუშინ ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო სადაც ამბობდა: "დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლობა, ასევე დასრულდა ჩემი და Globalcell-ის თანამშრომლობა. ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ. ამაზე მეტს ჩემგან ვერ გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება. მადლობა, ნახვამდის", - ამბობს ნანიკო ხაზარაძე ვიდეო მიმართვაში.

სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა ვიდეო "იმედის" გადაცემიდან, სადაც სტუმრად ცნობილი იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი ჰყავდათ. გია ჯაჯანიძემ მსახიობისთვის კითხვის დასმის დროს მისი სახელი არასწორად თქვა, ნანიკო ხაზარაძემ კი ჯაჯანიძეს თავში ხელი მსუბუქად დაარტყა და სახელი შეუსწორა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ეს ფაქტი გახდა მისი ტელევიზიიდან გაშვების მიზეზი.