25 მარტს, 14:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

"ოთხშაბათს, 25 მარტს, სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან. მოგეხსენებათ, 25 მარტს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.

ამასთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს. მსახურება დაიწყება 14:00 საათზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს.