სამწუხაროდ, დადასტურდა მეორე გარდაცვალებაც, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახს. ამწუთასაც სამი ოჯახი არის წინააღმდეგი კორპუსიდან გამოსვლაზე, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. 

ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ მერიის რჩევები.

"სამწუხაროდ, დადასტურდა მეორე გარდაცვალებაც, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახს. აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს თითოეულ ოჯახთან, დავიწყეთ მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და ის, რასაც მერია და მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სთავაზობს, მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს. როდესაც ავარიულია შენობა-ნაგებობა და როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ყველა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ ყველაფერს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქის მერია ყველას სთავაზობს, რომ ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ჩვენ გადავიყვანოთ სასტუმროებში ეს ხალხი, დროებითი საცხოვრებლით დავაკმაყოფილოთ, მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ახალი კორპუსების მშენებლობა და გარემონტებული ფორმით გადავცეთ ეს მცხოვრებლებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ დედაქალაქის მოსახლეობას, ეს უბედური შემთხვევა მაინც ავიღოთ მაგალითად, რათა მომავალში ავიცილოთ აღნიშნული. როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, ხვალ დილითვე ყველას შეგვიძლია გამოგატაროთ სასტუმროები და განახოთ ის ოჯახები.

ამწუთასაც სამი ოჯახი არის წინააღმდეგი კორპუსიდან გამოსვლაზე, მოვუწოდებ მოსახლეობას, პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს, რათა ავიცილოთ ასეთი უბედური შემთხვევები", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები.