მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ადვოკატი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ დღეს პროკურატურასთან აქცია გამართეს.

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, უნდა გადადგეს პროკურორი, რომელიც შვილმკვდარ დედას მკვლელობის საქმის მასალებს არ აძლევს.

"ჩვენ აქციას აქციის გამო არ ვაკეთებთ, ჩვენ აქციას ჩავატარებთ იმის გამო, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და ყველა დამნაშავე დაჯდეს საბრალდებო სკამზე. 

პირველად რომ ჩავატარეთ აქ აქცია, გამოძიებას მივეცით ვადა, რომ ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება. 27 დეკემბერს შევიტანეთ საჩივარი პროკურორის წინააღმდეგ და ვუთხარით, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა ეს და ვალდებული ხარ, გააკეთო. რით გვიპასუხა პროკურორმა?!

ასეთი სუფთა ახალგაზრდა, როგორიც იყო გიგა ავალიანი, ადამიანი, რომელიც იყო სისუფთავის, სიკეთისა და ღირსების განსახიერება, ეს ბავშვი მოკლეს და პროკურატურა გვეუბნება, რომ კი ბატონო, ადამიანები ჩაუსაფრდნენ, მაგრამ ჯგუფური დანაშაული არ არისო. როცა საცოდავი, შვილმოკლული დედა მივიდა პროკურატურაში, კინაღამ კიბიდან დააგორეს ამ უნამუსო პროკურორებმა. ამიტომ, დღეს ჩვენ აქციაზე მინდა გკითხოთ - ეთანხმებით თუ არა, რომ გიორგი გვარაკიძე გადადგეს?! ჩვენ ეს კაცთმოძულე პროკურორი უნდა გადავადგოთ. შვილმოკლულ დედას ეს ადამიანი საკუთარი შვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ აძლევს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

28 წლის გიგა ავალიანი თბილისში არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, ერთს კი ბრალი 117-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა).

ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციით შეფასდეს და ყველა დამნაშავე, მათ შორის, შესაძლო თანამონაწილეები პასუხისგებაში მიეცეს.