გმირთა მემორიალთან, ფიცის დადების შემდეგ, პატიმარ ზვიად ცეცხლაძის სატელეფონო მიმართვა ჩართეს, რომელიც მან საპატიმროდან, სპეციალურად ამ დღისთვის გამოგზავნა:

"თანამებრძოლებო, ამ წუთებში ციხეებიდან ათობით აღელვებული გული შემოგცქერით და ნატრობს, რომ თქვენთან ერთად დებდეს ფიცს გმირების წინაშე. თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია ითხოვთ სამართალს, ითხოვთ ახალ არჩევნებს, ითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ - გადადგეს "ქართული ოცნება". როდესაც ურიცხვი ბოროტი ქმედება ხდება მთავრობის მთავარი იარაღი, მაშინ ხალხის მოვალეობაა დაამხოს ასეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია, ჩვენ დიდი ხანია ვითმინეთ, ვითმინეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გატაცება, გაგუდვა, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ღირსების შელახვა, ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებლობა  სისუსტედ ჩაგვითვალეს... ნათელია, ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს, რუსეთს არ შეელევა, ეს მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია  და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ იძულებულს გავხდით...

ჩვენზე ორი არჩევანია ლაჩრობის გზა, რომელსაც ცრუ ჰუმანურობით შევფუთავთ და რაც გვაქცევს რუსეთის გუბერნიად, სადაც ვიქნებით უსუსურები უსამართლობის წინაშე, სადაც ნამუსს ახდიან ჩვენს მებრძოლ ქალებს, სადაც ჩვენს შვილებს ძაღლებივით დაგვამარხინებენ და როგორც ჩვენივე ღირსებას ჩაგვაფლობინებენ მიწაში. ან ბრძოლისა და რევოლუციის გზა, სადაც მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებაში სიკვდილს ვამჯობინებთ, სადაც დავიცავთ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ღირსებას და ფიცს. ხოდა, აირჩიე ქართველო ერო [...]"

ცეცხლაძემ "ქართულ ოცნებასაც" მიმართა - "თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი. და თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?!გაუმარჯოს ერთიან და დემოკრატიულ საქართველოს".

გმირთა მოედანზე ზუსტად ერთი წლის წინ დადებული ფიცი გაიმეორეს. პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებმა, ხელოვანებმა და სხვა მოქალაქეებმა, ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დაცვის პირობა, დღეს კიდევ ერთხელ დადეს.

"თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ამიერიდან მე თქვენი წინამძღოლი ვიქნები ყველა ბრძოლაში, სადაც ეს ბრძოლა გაიმართება საქართველოს კეთილდღეობისათვის და ამ ბრძოლაში პირველი ტყვია მე უნდა მომხვდეს და თქვენ იქნებით აბსოლუტურად დაცული, ყველა ტყვია ჩემზე იქნება ამ ქვეყნის და თქვენ უვნებელი ჩაიბარებს ამ ქვეყანას", - განაცხადა ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ ფიცის დადების წინ მიმართვაში.