დეტალურად გადავეცით ინფორმაცია მედიკამენტებთან, მიმდინარე პრობლემებთან მიმართებაში. ჩვენ დადებითად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, - ამის შესახებ დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა ზაქრო გვიშიანმა  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა პრობლემებზე შედგა საუბარი, მათ შორის მედიკამენტოზური მკურნალობის პროცესებს.

"დეტალურად გადავეცით ინფორმაცია მედიკამენტებთან, მიმდინარე პრობლემებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ. ჩვენ დადებითად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები. ვხედავთ უკვე მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ფორმატი. ჩვენ, მაქსიმუმ, ზეგ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს ისევ გავივლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული. მშობლების, რომლებიც ჩართულები ვართ, ძირითადი მოთხოვნაა მედიკამენტების მიღება. 

პასუხი გაეცა იმასაც, რომ ბუნებრივია, არაერთი მედიკამენტია, რომელიც აღიარებულია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა. ამასთან მიმართებაში გაიცვალა ინფორმაციები და მიიღო საჭირო ინფორმაცია“, - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.