ჩინეთის გარდა CIPS-ს იყენებს მრავალი ქვეყნის (150 და მეტი) ათასობით ფინანსური ინსტიტუტი, რომელთა შორისაა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ბანკები. შესაბამისად, ქართული ბანკების ჩართვა ამ სისტემაში არაფერს არ გააფუჭებს, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გოჩა თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, CIPS მართლაც წარმოადგენს SWIFT-ის გარკვეულ ალტერნატივას, ოღონდ მხოლოდ ე.წ. "შერისხული" ქვეყნებისათვის, რომლებიც დასავლეთის მხრიდან არიან სანქცირებული.

"ეროვნული ბანკს სტუმრობდა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტი (CIPS - Cross-Border Interbank Payment System). აღნიშნული სისტემა გახლავთ ჩინეთის სტრატეგიული ფინანსური ინფრასტრუქტურა, რომელიც მიზნად ისახავს იუანის გამოყენების გაფართოებას გლობალურ ვაჭრობასა და ფინანსებში. ის გარკვეულწილად განიხილება, როგორც SWIFT-ის ალტერნატივა. თუმცა, ის არ არის SWIFT-ის ანალოგი. ჯერ ერთი, SWIFT არ არის გადახდის სისტემა, ის ინფორმაციის გაცვლის სისტემაა. ანუ სვიფტით ფული არ მოძრაობს, მოძრაობს ინფორმაცია. CIPS კი გადახდის სისტემაა და ამ სისტემით ხორციელდება კლირინგი;

მეორე, SWIFT-ის საშუალებით იცვლება ინფორმაცია მულტივალუტების მოძრაობის შესახებ: აშშ დოლარი, ევრო და ა.შ. CIPS კი იყენებს მხოლოდ ერთ ვალუტას - იუანს. ის ერთვალუტიანი ანგარიშსწორების სისტემაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გლობალურ ვაჭრობაში ჩართული ინსტიტუციებისთვის ამ ეტაპზე SWIFT-ს ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. მაშინ, იბადება კითხვა, ჩინეთის გარდა ვინ იყენებს CIPS-ს? პასუხი: მრავალი ქვეყნის (150 და მეტი) ათასობით ფინანსური ინსტიტუტი, რომელთა შორისაა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ბანკები. შესაბამისად, ქართული ბანკების ჩართვა ამ სისტემაში არაფერს არ გააფუჭებს. პირიქით, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან საკუთარი კლიენტების მომსახურების ხარისხს. CIPS მართლაც წარმოადგენს SWIFT-ის გარკვეულ ალტერნატივას, ოღონდ მხოლოდ ე.წ. "შერისხული" ქვეყნებისათვის, რომლებიც დასავლეთის მხრიდან არიან სანქცირებული", - წერს თუთბერიძე.