საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ  დღეს ბიზნესასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კომერციული ბანკებისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.

"საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი,  როგორც  ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ  თანამშრომლობს, გვაქვს  ერთიანი  ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს  ძალიან  საინტერესო სამომავლო  განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების  მიერ  დასმულ  საკითხებს,  თუ  როგორ  უნდა  მოხდეს  დამატებითი  მუხტის  მიცემა  ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა  უფრო  მეტი  რესურსის  დაბანდება  შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

"საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რეგულატორთან, სადაც ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდება. მისასალმებელია ასეთი სამუშაო რეჟიმი და იმედით ვართ განწყობილნი ამ პროცესის მიმართ", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

"საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ  ბაზარს წარვუდგენთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.