ამ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი და შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 13 ფაქტი დაფიქსირდა, უკანონო პატიმრობაში კი. იმყოფება 10 პირი.

"ამ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 10 პირი.

გარდა ამისა, ვისაუბრებთ შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებზე და ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე, რასაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 13 ფაქტი დაფიქსირდა.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი პოზიცია სტაციონარულ საგუშაგოსთან დაკავშირებით. ეს პოზიცია უცვლელია. აღნიშნული პოლიციის სტაციონარულ პოსტი განთავსებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მასზე იმყოფებიან პოლიციელები სტანდარტული საპოლიციო აღჭურვილობით, წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ ეს პოსტი თუნდაც თეორიულად ვინმესთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმების საკითხი დგას დღის წესრიგში, რომლის გაუქმებასაც ოკუპანტის მხარე ითხოვს.