ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პარტია აცხადებს, რომ "უარს ამბობს სამხრეთ ოსეთის ახალ პარლამენტში მუშაობაზე, სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგები არ დადგინდება“.

პარტიაში აცხადებენ, რომ "ერთიანმა ოსეთმა" უკვე წარადგინა  განცხადება ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "მასობრივი დარღვევების" შესახებ.

"ვლადიკავკაზში გახსნილ საარჩევნო უბანზე, 733 ბიულეტენი არა მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი, არამედ ვიღაცამ დანაშაულებრივად შეცვალა მელანი, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა. მიგვაჩნია, რომ შედეგების აღიარება არის დანაშაული და ღალატი ჩვენი ხალხის მიმართ.

ვლადიკავკაზში შედეგის აღიარება ნიშნავს შენი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას, მათ წინააღმდეგ დგომას. მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვლადიკავკაზის უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას“, - აცხადებენ პარტიაში.

ე.წ. ცესკოს ყველა "საარჩევნო უბნის" შედეგები  ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია "ნიკასმა“ უკვე განაცხადა, რომ ახალ "პარლამენტში" მანდატების უმრავლესობას იღებს.