რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" აცხადებს, რომ ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბაზარზე კრიტიკული ვითარების გამო ფრენების განხორციელება ყოველგვარ ეკონომიკურ აზრს კარგავს. 

როგორც კომპანიის მიერ რუსეთის ავიაგადამზიდავთა ასოციაციისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ივნისის დასაწყისში მთავარმა საწვავის მომწოდებელმა კომპანიას აცნობა, რომ აუცილებელი გახდა მოხმარების დაახლოებით ერთი მესამედით შემცირება. მიზეზად დასახელდა ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარება, რამაც ბაზარზე საავიაციო საწვავის მოცულობის შემცირება გამოიწვია.

"აზიმუტის“ ინფორმაციით, საჭირო რაოდენობის საწვავი არც ალტერნატიულ მომწოდებლებს გააჩნიათ. დეფიციტთან ერთად მკვეთრად გაიზარდა საწვავის ფასიც. კომპანიის ცნობით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში საავიაციო საწვავის საშუალო ფასი 17%-ით გაიზარდა.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ არსებული პირობების გამო დაგეგმილი ფრენების პროგრამის შესრულება ეკონომიკური თვალსაზრისით აზრს კარგავს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მიმართულებებზე.

"აზიმუტმა“ მიმართა თხოვნით რუსეთის ავიაგადამზიდავთა ასოციაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მიმართოს და ვითარების სტაბილიზაციისთვის შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვოს.

რუსეთში საწვავის კრიზისი 2026 წლის მაისის ბოლოს, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების გაძლიერების ფონზე დაიწყო.

საწვავის გაცემაზე შეზღუდვები უკვე მოქმედებს რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში, ასევე ირკუტსკის, ომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში, აგრეთვე ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში.