უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის "მოსაგვარებლად" ყველა საჭირო დახმარებას სთავაზობს, - ამის შესახებ Bloomberg წერს.

მისივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს მის დასახმარებლად.

"ჩვენმა მეგობრობამ იმდენად მაღალ დონეს მიაღწია, რომ შემიძლია ყველანაირად დაგეხმაროთ. მე თქვენს სამსახურში ვარ ნებისმიერ საკითხში, სადაც შემიძლია დახმარება“, - განუცხადა ორბანმა პუტინს.

ამ საკითხზე ხაზგასასმელად, ორბანმა გაიხსენა იგავი თაგვის მიერ ლომის გათავისუფლების შესახებ.

იგავი მოგვითხრობს თაგვის შესახებ, რომელიც ბადეში გაბმულ ლომს ათავისუფლებს მას შემდეგ, რაც ლომმა ადრე მღრღნელი შეიწყალა. "ბლუმბერგის“ ცნობით, ამის მოსმენის შემდეგ პუტინს გაეცინა.

2025 წლის 17 ოქტომბერს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ახლა პირველად გავრცელდა.

როგორც გამოცემა წერს, სატელეფონო საუბრის დიდი ნაწილი ვიქტორ ორბანმა და ვლადიმერ პუტინმა როგორც ერთმანეთის, ასევე დონალდ ტრამპის მიმართ მადლიერების გამოხატვას დაუთმეს.

პუტინმა აღფრთოვანება გამოხატა უნგრეთის „დამოუკიდებელი და მოქნილი“ პოზიციისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით.