ის 5 თეთრი, რასაც დენის ტარიფზე იღებენ, ეს ხომ არის პასუხი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეგონა, რომ კომისია რომ შეიქმნა ფასებთან დაკავშირებით, ის ხალხისთვის შეიქმნა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყველაფერი გადის სიცრუეზე.

"ის 5 თეთრი, რასაც დენის ტარიფზე იღებენ, ეს ხომ არის პასუხი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეგონა, რომ კომისია რომ შეიქმნა ფასებთან დაკავშირებით, ის ხალხისთვის შეიქმნა. სინამდვილეში, ის კომისია შეიქმნა თვალთმაქცობის და ტყუილისთვის. სირცხვილია, როცა შენ ზუსტად იცი, რომ დენის ფასის გაზრდით ყველაფრის ფასი გაიზრდება და ამ დროს ქმნი კომისიას და დასცინი ხალხს.

მე ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის საარჩევნო კამპანია, ჩემი კოლეგები, განსაკუთრებით კი კახი კალაძე აცხადებდა, რომ გააიაფებდნენ დენს. მერე მინისტრი რომ გახდა, დაადგინა, რომ იაფია დენი და გასაძვირებელიაო, ამის შემდეგ გაუძვირეს ხალხს დენი. აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყველაფერი გადის სიცრუეზე", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.