სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც გასულ კვირას ლიეტუვაში პოლიგონზე დაიკარგნენ 31 მარტს გარდაცვლილი იპოვეს. მეოთხეს ძებნა გრძელდება, - ინფორმაციას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა ავრცელებს.

მათი ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება.

"აშშ-ის არმია და ლიეტუვის ხელისუფლება იძიებს მომხდარის მიზეზებს. შეგვატყობინებთ ჩვენს დასკვნებს ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მომხდარს გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

"ღრმა მწუხარებით და გულისტკივილით მივიღე ცნობა სამი ამერიკელი ჯარისკაცის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ“, – წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.

ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი და ჯავშანმანქანა ლიეტუვაში წვრთნების დროს რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდნენ.