პაკისტანში რუსული ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა, რომელშიც 14 ადამიანი იმყოფებოდა -  6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი პილოტი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

როგორც ირკვევა, ვერტმფრენი პაკისტანის ნავთობკომპანია MARI PETROLIUM LIMITED-ს ეკუთვნის. ის სწორედ ნავთობის საბადოს მახლობლად ჩამოვარდა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა. The Washington Post ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მიზეზი ვერტმფრენის ძრავის გაუმართაობა გახდა.

ტელეგრამის არხი Shot იუწყება, რომ დაღუპულთა შორისაა პაკისტანის საზღვაო ძალების ორი ოფიცერი და ერთი მეზღვაური, სამი რუსი ჰოსპიტალიზებულია სამხედრო ჰოსპიტალში.