ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელის სიკვდილი არის სამართლიანი ქმედება მისი მრავალი მსხვერპლის საპასუხოდ, - ამის შესახებ ისრაელის მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში "ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული.

"ჰასან ნასრალა და ტერორისტული ჯგუფი "ჰეზბოლა", რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, პასუხისმგებელი იყვნენ ასობით ამერიკელის მკვლელობაზე ტერორის ორმოცწლიანი მმართველობის დროს. ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად მისი სიკვდილი არის სამართლიანობის საზომი მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელისთვის, ისრაელელების და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს ბაიდენი.

მისივე თქმით, აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი "ჰეზბოლასგან,“ "ჰამასისგან“, ჰუსიტებისგან და ნებისმიერი ტერორისტული ჯგუფისგან, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.

"გუშინ, მე მივმართე ჩემს თავდაცვის მდივანს, კიდევ უფრო გაეძლიერებინა აშშ-ის სამხედრო პოზიციები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აგრესიის შესაჩერებლად და უფრო ფართო რეგიონული ომის რისკის შესამცირებლად. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია დიპლომატიური საშუალებებით ღაზასა და ლიბანში მიმდინარე კონფლიქტების დეესკალაცია.

ღაზაში ჩვენ ვცდილობთ გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერით მივაღწიოთ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ლიბანში კი, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხალხი სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

გუშინ და დღეს ისრაელმა ავიაიერიშები განახორციელა ბეირუთზე. იერიშების შედეგად ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა. თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, "ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაურის და "ჰეზბოლას" დაზვერვის უფროსი.