ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის ხუთი კვირის განმავლობაში 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 360-ზე მეტი დაიჭრა.

პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, 3 აპრილის მდგომარეობით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის შედეგად 365 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და 13 დაიღუპა.

დაჭრილების უდიდესი ნაწილი სახმელეთო ჯარებიდანაა - 247, საზღვაო ფლოტიდან - 63, საზღვაო ქვეითებიდან - 19 და საჰაერო ძალების შემადგენლობიდან - 36.

ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ომის დასრულებას მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ელის. მისი თქმით, ეს სავარაუდოდ, მოხდება მაშინაც კი, თუ თეირანი შეთანხმებაზე უარს იტყვის.

ტრამპმა ასევე ცოტა ხნის წინ ერს მიმართა და განაცხადა, რომ ორ-სამ კვირაში შეერთებული შტატები ძალიან ძლიერ დარტყმას განახორციელებს და "ირანს ქვის ხანაში დააბრუნებს".

ამასობაში, ბრძოლები გრძელდება. ცოტა ხნის წინ აშშ-სა და ისრაელის ძალებმა გაანადგურეს ირანის უდიდესი ხიდი, რომელიც თეირანსა და ქარაჯს აკავშირებდა, ხოლო ირანმა ჩამოაგდო აშშ-ის ორი სამხედრო თვითმფრინავი.

დღეს ირანმა ბუშირის ატომურ ელექტროსადგურთან ახალი დარტყმის შესახებ განაცხადა. ირანული მხარის ცნობით, ჭურვი ობიექტის ღობესთან მოხვდა, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, თუმცა სადგურის ძირითადი მონაკვეთები არ დაზიანებულა.