რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ "არაფერი იცოდა“ რუმინეთის ქალაქ გალატში, საცხოვრებელ შენობაზე რუსული დრონის შეჯახების შესახებ და "ივარაუდა", რომ ეს შესაძლოა, უკრაინული დრონი ყოფილიყო.

თავდაპირველად, TASS-ის ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთის ლიდერი რუმინეთში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ „ინფორმირებული იყო“.

შემდგომში, ჟურნალისტების კითხვის დასმისას, პუტინმა თავად უარყო ინციდენტის შესახებ რაიმე ინფორმაცია. "მე არაფერი ვიცი რუმინეთში დრონის შესახებ. წარმოდგენა არ მაქვს, რაშია საქმე“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მას "ახლახან მიეწოდა ინფორმაცია“ სიტუაციის შესახებ.

მისივე თქმით, ექსპერტიზის ჩატარებამდე დრონის წარმოშობას ვერავინ ვერაფერს იტყვის.

"უკრაინული დრონები სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავდნენ, მაგრამ პირველი რეაქცია ყოველთვის იყო: "რუსები თავს ესხმიან“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი "მზადაა ჩაატაროს ობიექტური გამოძიება“, თუ მას რუმინეთში ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები გადაეცემა.

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.