აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გასვლას. ეს გამოწვეულია ალიანსის მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციაში ჩაურთველობით.

კითხვაზე, გადახედავდა თუ არა ის ალიანსში შეერთებული შტატების წევრობის საკითხს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, მე ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას ექვემდებარება“.

ტრამპის თქმით, მას ალიანსის არასდროს სჯეროდა.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ ის "ქაღალდის ვეფხვი" იყო და პუტინმაც იცის, სხვათა შორის“, - აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით, შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ნატოს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ ომში.

"ჩვენ მათ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავეხმარეთ, მათ შორის უკრაინას. უკრაინა ჩვენი პრობლემა არ იყო. ეს გამოცდა იყო და ჩვენ მათ გვერდით დავდექით და ყოველთვის მათ გვერდით ვიდგებოდით. ​​მაგრამ ისინი ჩვენს გვერდით არ დაგვიდგნენ“, - განაცხადა ტრამპმა.

Telegraph წერს, რომ პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ის ასევე განიხილავს გერმანიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას - ნაბიჯს, რომელზეც ის გასულ წელს თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ფიქრობდა.

ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ შედგა, რომ ირანის წინააღმდეგ ომის შემდეგ აშშ-ს შესაძლოა, ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწიოს. ტრამპის თქმით, "მოხარულია", რომ რუბიომ ეს კომენტარები გააკეთა.

Fox News-თან საუბრისას, რუბიომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნატოს ღირებულება მას შემდეგ, რაც ევროპელმა მოკავშირეებმა ირანზე თავდასხმების განსახორციელებლად მათი ბაზები და საჰაერო სივრცე დაბლოკეს.

"ჩვენ მოგვიწევს ნატოსა და ამ ალიანსის ღირებულების გადახედვა ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მას მოუწევს ამის გაკეთება", - განაცხადა ტრამპმა.