აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა.

"რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, უაღრესად პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, მე გავეცი ბრძანება ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განლაგების შესახებ - იმ შემთხვევაში, თუ ეს სულელური და პროვოკაციული განცხადებები მხოლოდ ამას [სიტყვებს] არ წარმოადგენს. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად შეიძლება გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, იმედი მაქვს, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 ივლისს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად დადგენილ 50-დღიან ვადას ამცირებს. დიმიტრი მედვედევმა ამ განცხადების პასუხად თეთრი სახლის ხელმძღვანელს მოუწოდა, ახსოვდეს, რომ რუსეთი ისრაელი არ არის და ყოველი ახალი ულტიმატუმი ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, ტრამპმა მედვედევი გააფრთხილა, რომ ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის.