რუსეთის არმია ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ომში კვირაში 5000-6000-ზე მეტ ჯარისკაცს კარგავს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გააკეთა.

ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მას აქვს ახალი ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის შესახებ.

მისი თქმით, ეს შესაძლოა, ისტორიაში ერთადერთი კონფლიქტი იყოს, რომელშიც ბრძოლაში დაღუპულთა რაოდენობა დაჭრილების რაოდენობას აღემატება.

"აი, ასეთი სისხლიანია ეს ომი. რუსები კვირაში 5000-დან 6000-მდე ჯარისკაცს კარგავენ. ეს შოკის მომგვრელი რაოდენობაა“, - აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინა ასევე კარგავს დიდი რაოდენობით სამხედრო და სამოქალაქო პირს - ის იძულებულია, მაღალი ფასი გადაიხადოს საკუთარი ხალხისა და ტერიტორიების დასაცავად.

"ჩვენ ვნახეთ კიევში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაბომბვების შედეგად და ასეთი შემთხვევების გარკვეული ზრდაც შეინიშნება. ჩემი აზრით, ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს სტიმული, რომ ომი დაასრულოს“, - განაცხადა რუბიომ.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდი კვლავ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, კომპრომისების ძიება გრძელდება და ვაშინგტონი ამ პროცესში ჩართულია.