რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ზღაპრებს ჰყვება, რომ თითქოს ის არ არის დამნაშავე უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამავდროულად კი, რუსული ჯარები ფრონტის ზოგიერთ რაიონში ძალებს აგროვებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, დღეს მან სამხედროებისგან რამდენიმე ინფორმაცია მოისმინა. კერძოდ, საჰაერო ძალების მეთაურისგან დრონების ჩამოგდების შესახებ.

"რუსების თავხედობა იზრდება - ისინი დღის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს უკრაინას ათობით თავდასხმის დრონით. გუშინ ღამით 150 დრონი იყო, დილით 50-ზე მეტი, საღამოს კი ათობით და მათი უმეტესობა "შაჰედები" არიან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, უკრაინის ცაზე მტრის დრონების ჯგუფები ჩინეთიდან რუსული განცხადებების ფონზე ჩნდებიან.

ზელენსკის თქმით, ეს არის რუსეთის აშკარა უგულებელყოფა ყველაფრის მიმართ, რასაც მსოფლიო აკეთებს ომის დასასრულებლად.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ რუსებმა სიტყვასიტყვით უარყვეს ტრამპის ნათქვამი ლიდერების შეხვედრის შესახებ, რომელიც ომის დასასრულებლად აუცილებელია.

"ამ დღეებში ჩინეთში პუტინი აგრძელებს გამოგონილი ისტორიების მოყოლას, თითქოს ის არ არის დამნაშავე ომში. თითქოს ვიღაც მუდმივად "აიძულებს" მას იბრძოლოს, მოკლას, ბავშვები თავშესაფრებში წაიყვანოს, ათასობით ადამიანი გაგზავნოს ჩვენი პოზიციების შტურმისთვის. ახლა კი ჩვენ ვხედავთ რუსული ძალების კიდევ ერთ შეკრებას ფრონტის ზოგიერთ რაიონში.

რუსეთი აგრძელებს დარტყმებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვუპასუხებთ. ჩვენ ვუპასუხებთ, მათ შორის ასიმეტრიულად, რათა რუსეთმა აუცილებლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.