რუსეთის მთავარი იარაღია, რომ რაც შეიძლება ბევრ ტერიტორიაზე არიოს ვითარება. მას პოლონეთთან ურთიერთობის გართულებაც ჩაფიქრებული ჰქონდა, - ამის შესახებ მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიულად რუსეთს წაგებული აქვს, მაგრამ ერთია წაგებული და მეორე - კიდევ რა უბედურების დატრიალება შეუძლია.  

"ევროპაც ემზადება ომისთვის, მისი სამხედრო ბიუჯეტი გაიზრდება  ზოგის 0,7%-იდან მშპ-ს 5%-მდე. ეს ეტაპობრივად ხდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ თანხა არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვერ ეწევა გაზრდილ მოთხოვნებს. ერთი მხრივ, უკრაინას აქვს მოთხოვნები და მეორე მხრივ, ეს სამხედრო ბიუჯეტის ზრდა ემსახურება ევროპის სამხედრო პოტენციალის ზრდას, შესაბამისად, ეს თემა უნდა მოგვარდეს აშშ-ის დახმარებით იმიტომ, რომ მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს შეუძლია, იმ მოცულობით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რომელიც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ 17 ერთეულ "პატრიოტ სისტემებს" გადასცემენ ეტაპობრივად, მაგრამ ნაწილი უკვე ალბათ, ჩასულია. 17 დიდი რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპულ ქვეყნებიც ცდილობენ, რომ გადასცენ ეს სისტემები. ეს ფაქტობრივად, უკრაინის ყველა მოთხოვნას ფარავს. ზედმეტი არასდროსაა საჰაერო თავდაცვის საშუალება, მაგრამ გაუვალი ქოლგის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანი რაოდენობაა.

როცა იცი, რომ გაქვს ისეთი ქვეყნის დახმარება, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, უკვე თამამი ხარ იმიტომ, რომ შენი დაგეგმილი ნებისმიერი ოპერაცია უზრუნველყოფილი იქნება ყველაფრით, რაც სჭირდება ოპერაციის წარმატებას. 

აუცილებელია უწყვეტი ლოგისტიკური მომარაგება, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა უკრაინას ფაქტობრივად, მოხსნილი აქვს. 

ის, რომ 50 დღე მიეცა პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, ეს პოლიტიკური მანევრებია და არ ცვლის კარგ ტენდენციას იმისა, რომ უკრაინის გამარჯვება არის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მხარდაჭერილი.

პუტინს კიდევ ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია იმიტომ, რომ გარკვეულწილად ის ორიენტირებულია პირადი შემადგენლობის რაოდენობის გამოყენებაზე და თუ ჩრდილოეთ კორეიდან იმ მოცულობის დახმარება მიიღო, რომლის იმედიც აქვს, მას შეუძლია, გარკვეულწილად ესტონეთის მიმართულებით იმოქმედოს, შექმნას პრობლემები ფინეთის საზღვარზე. პარალელურად, მას სხვადასხვა სახელმწიფოში რეკრუტირების კამპანია აქვს დაწყებული.

რასაც ვუყურებთ, სტრატეგიულად რუსეთს წაგებული აქვს, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ერთია წაგებული და მეორე - კიდევ რა უბედურებებს დაატრიალებს. ვიღაცისთვის სტატისტიკაა, მაგრამ რეალობაში, ეს ტრაგედიაა ბევრი ოჯახისა და ადამიანისთვის. ამიტომ, ის, რომ ბალტიისპირეთი რუსეთისთვის საინტერესო თემაა, თითქოს უაზროდ ჟღერს, კიდევ ნატოსთან უნდა კონფლიქტი, მაგრამ უნდა, მისთვის ეს არის თემა. მისი მთავარი იარაღია, რომ რაც შეიძლება ბევრ ტერიტორიაზე არიოს ვითარება. მას პოლონეთთან ურთიერთობის გართულებაც ჩაფიქრებული ჰქონდა", - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.