უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელზე ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა დაგმო.

"უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას "შაჰედების" და რაკეტების გამოყენებით, ჩვენ უკრაინაში კარგად ვიცით მსგავსი თავდასხმების საშინელება რუსეთიდან, იგივე "შაჰედის" დრონების და რუსული რაკეტების გამოყენებით, მასიური საჰაერო დარტყმების იგივე ტაქტიკა", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი აზრით, ყველა ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

"ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები წარმოადგენს ომის გაფართოების რისკს. და ტერორის გავრცელებაში ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობამ უნდა მიიღოს გადამწყვეტი და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან. "შაჰედის" დრონების ხმა, ტერორის ინსტრუმენტი, იგივეა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ცაზე და ეს ხმა უნდა იყოს გამოღვიძების ზარი თავისუფალი სამყაროსთვის, იმის დემონსტრირება, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობას და მონდომებას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა და ტერორის გავრცელების თავიდან აცილება მსოფლიოში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ვერ დაელოდება, ვიდრე დისკუსიები გრძელდება, რადგან სიტყვები არ შეაჩერებს დრონებს და ვერ ჩამოაგდებს რაკეტებს.

"მხოლოდ ხელშესახებ დახმარებას შეუძლია ამის გაკეთება. დახმარება არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება და გადამწყვეტად დავუპირისპირდეთ მათ, ვისაც სურს ტერორი ახალ ნორმად აქციოს. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები ამერიკის მოკავშირეების გასაძლიერებლად. ეს კრიტიკული დროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

13 აპრილის საღამოდან ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე ათობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ფართომასშტაბიანი თავდასხმის მიზეზი გახდა ის, რომ 1 აპრილს ისრაელმა სირიაში ირანის საელჩოს დაარტყა. შესაბამისად, ფაქტობრივად ორი კვირის შემდეგ ირანმა საპასუხო შეტევა დაიწყო. მთლიანობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაისროლა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო სამიზნეების "აბსოლუტური უმრავლესობა" იქნა შეჩერებული. აშშ-მა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერით ჩამოგდებული იქნა "თითქმის ყველა" დრონი და რაკეტა. ირანის თავდასხმას ისრაელში ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გაეროში ირანის დელეგაციამ განაცხადა, რომ თეირანი აპირებდა შემოიფარგლოს ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმების ტალღით. ამავდროულად, დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ შეტევების ახალი ტალღები შესაძლებელია, თუ ისრაელი "რამე სისულელეს გააკეთებს“, რაც ნიშნავს პასუხს დღეს უკვე მიყენებულ დარტყმებზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ისრაელი "სერიოზული პასუხისთვის" ემზადება.