პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს პირები, რომლებიც რკინიგზაზე მომხდარ დივერსიულ აქტებში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, ესენი არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე.

"სამსახურების ინტენსიურმა მუშაობამ საშუალება მოგვცა, დაგვედგინა რკინიგზის დივერსიაში პასუხისმგებელი პირები. ესენი არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ“, - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც ლვოვის სასამართლომ მიმდინარე წლის მაისში გაასამართლა. უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიისთვის გაასამართლეს და ამჟამად ბელარუსში იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, პოლონეთის ხელისუფლება აგრძელებს გამოძიებას, იკვლევს დივერსანტებს და რუსულ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის მოტივებსა და შესაძლო არხებს.

პოლონეთში, უკრაინის საზღვრისკენ მიმავალ მთავარ მარშრუტზე სარკინიგზო ლიანდაგის დაზიანებული მონაკვეთი აღმოაჩინეს. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ ლიანდაგი, რომლითაც უკრაინას დახმარება მიეწოდება, აფეთქების შედეგად დაზიანდა.