კიევზე ღამის თავდასხმის შემდეგ შეერთებული შტატების მხრიდან საჯარო რეაქცია არ ყოფილა. უკრაინა მოუწოდებს პარტნიორებს, გადამწყვეტი ზომები მიიღონ რუსეთის მხრიდან ყოველდღიური ტერორის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რუსეთი ყოველდღიურად გვავსებს მწუხარებით და მკვლელობებით - ის უბრალოდ ომს აჭიანურებს. გუშინდელი დღე - სასტიკი დარტყმა ოდესის ოლქისთვის. ყოველდღე - სუმის ოლქისთვის, ხარკოვის ოლქისთვის, ჩვენი სხვა რეგიონებისთვის. ეს ყველაფერი მოითხოვს რეაქციას - მკაცრ რეაქციას ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რეაქციას ევროპისგან, რეაქციას მსოფლიოში ყველასგან, ვისაც ომის დასრულება სურს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე.

"ეს მას არაფერს აძლევს, გარდა იმისა, რომ ყოველდღე სიცოცხლეს იწირავს. ყოველი დღე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საფუძველს იძლევა, ყოველი დღე ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლის გარეშე ომი გაგრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზად არის დიპლომატიის ნებისმიერი ფორმისთვის, რომელიც შედეგს გამოიღებს.

"ჩვენ მზად ვართ ყველა ნაბიჯისთვის, რაც რეალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სწორედ რუსეთი არ არის მზად არაფრისთვის. მომდევნო კვირა უნდა იყოს რუსეთზე ახალი ზეწოლისთვის აქტივობის დრო, მშვიდობის გამო. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც ჩვენთანაა, უკრაინასთან, უკრაინელებთან. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.