დღეს, 19 მარტს, უკრაინამ რუსეთის ფედერაციასთან ტყვეთა მორიგი გაცვლა განახორციელა. 175 დამცველი დაბრუნდა მტრის ტყვეობიდან, ხოლო კიდევ 22 დამცველი ბრუნდება სახლში გაცვლის მიღმა ღონისძიებებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს კიდევ ერთი დღეა, როცა უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს იბრუნებს. 175 ჩვენი დამცველი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან. კიდევ 22 დამცველი ბრუნდება სამშობლოში გაცვლის მიღმა ღონისძიებების წყალობით. მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები და ჯარისკაცები, რომლებსაც რუსეთი დევნიდა ფიქტიური დანაშაულისთვის. ყველას დაუყოვნებლივ გაეწევა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება", - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა ბოლო პერიოდში. მათ მოახერხეს ჯარისკაცების, სერჟანტების და ოფიცრების დაბრუნება.

"მეომრები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის ძალების და სასაზღვრო სამსახურის რიგებში. ისინი იცავდნენ უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით - მარიუპოლში, აზოვსტალში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონში, ასევე ხარკოვის, მიკოლაივის, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქებში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთის ტყვეობიდან ამჯერად დაბრუნებულთა შორის 166 რიგითი და სერჟანტი და ცხრა ოფიცერია.