კოორდინაციის ფარგლებში, დღეს გადაიგზავნა ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, სადაც დღის თემად არ წერია საქართველო და სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, რომ დღის წესრიგში საქართველოც იდგეს.

"მინდა, შევეხო იმ ვითარებას, რომელიც მთლიანობაში უდრის გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ეხება ყველა მიმართულებას, ყველაზე საგანგაშოა ფონდების დაყადაღება. ეს არის ომი სოლიდარობაზე. ჩვენ ამ საკითხზე უნდა მოვნახოთ გზები. მეორე მიმართულებაა ის ახალი რეგულირება, რაც ეხება მედიას. ეს მიმართულია იმისკენ, რომ უფრო შეიზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და უფრო შეამციროს ის სივრცე, რაცაა თავისუფალი. 

შემდეგი საკითხია ეს ვითომც ბრიტანული კანონი. ეს არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაწესდეს შეზღუდვები, რომ გარედან ვერცერთი დაფინანსება ვერ შემოვიდეს ქვეყანაში, რაც იქნება ძალიან რთული.

ძალიან მალე ვნახავთ ყველა დარგში რეპრესიებს. ქვეყანა არა მხოლოდ იზოლირებულია პარტნიორებისგან, არამედ ჩაკეტილისკენ მიდის. ის, რაც გადაწყვიტეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმეზე ნიშნავს, რომ სასამართლო უფრო იქცევა ბუტაფორიად. ყველაფერი არის ერთის ხელში, რასაც უნდა, იმას აკეთებს. ეს არის მათი სისუსტის ნიშანი. 

არის ასევე საჯარო მოხელეების მიმართულება, სადაც გრძელდება ადამიანების გაშვება სამსახურიდან უმოტივოდ, ან სოციალურ ქსელში თავისუფალი სიტყვის გამოხატვის მოტივით. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. 

დარწმუნებული ვარ, რომ მთელ საზოგადოებაში ყველა მიმართულებით არის დიდი სურვილი, რომ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. სწორედ ამ კოორდინაციის ფარგლებში, დღეს გაიგზავნა ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, სადაც დღის თემად არ წერია საქართველო და სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა. რა პრიორიტეტებიც არ უნდა იყოს, არ შეიძლება, რომ არ იყოს გარკვეული ყურადღება იმაზე, რაც ხდება საქართველოში. საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე რაღაც ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას. საქართველოში არის ჰიბრიდული ფორმის აგრესია საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.