უკრაინა მზადაა, სიმეტრიულად უპასუხოს რუსეთის მიერ ენერგოსისტემაზე სიცივეების დროს განხორციელებულ დარტყმებს, თუმცა ომის დასასრულებლად ეტაპობრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ ისწავლა რუსეთის ოპერაციებზე ადეკვატური რეაგირების გზების პოვნა და თუ მტერი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება, ის მსგავს საპასუხო ზომებს მიიღებს.

"თუ ისინი ბლექაუტებს მოგვიწყობენ, ვეცდებით, ღირსეულად ვუპასუხოთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომელსაც კიევი ყოველთვის უჭერდა მხარს: მოლაპარაკებები ომის დასრულების შესახებ.

ზელენსკის თქმით, თუ პარტნიორებს უჭირთ რუსეთთან საომარი მოქმედებების სრულად დასრულების გზის პოვნა, უნდა იმოქმედონ ეტაპობრივად: შავი ზღვის განბლოკვა; ორმხრივი ენერგეტიკული ზავის მიღწევა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე პირველი შედეგები შესაძლოა, სექტემბრის ბოლოსთვის გამოჩნდეს.

უკრაინული მხარე თვის ბოლოს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს ელის, თუმცა სახელმწიფოს მეთაური რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.

ამავდროულად, კიევი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს სანქციებით ზეწოლა მოსკოვზე და გაზარდოს უკრაინისთვის თავდაცვის მხარდაჭერა, რათა აგრესორმა დაუსჯელად არ იგრძნოს თავი.