ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს, ყველა ერს, უკრაინელები ასეთი ერია, როგორც ჩვენი მეზობლები მოლდოვაში, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვები, აუცილებლად დადგება თავისუფალი ბელარუსის დრო ევროპაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ყურადღებისთვის, უკრაინელების მიმართ მხარდაჭერისთვის, უკრაინელთა სიცოცხლის დაცვაში დახმარებისთვის, იმ სიცოცხლის, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს რუსეთის ომში. ამ ომს დაპირისპირების რამდენიმე განზომილება აქვს. ფრონტი – ანუ მიწა, ზეცა და ზღვაა, სადაც ჩვენი ხალხი იბრძვის საოკუპაციო ძალების სამხედრო თავდასხმების წინააღმდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური თავდაცვა – უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრების ყველა საფუძველი შენარჩუნებული იყოს – სამუშაო ადგილები მოქალაქეებისთვის, გადასახადები სახელმწიფოსთვის, მეწარმეების შესაძლებლობა, რომ გააგრძელონ და გააფართოონ კომპანიების მუშაობა.

ასევე არის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობას, დაყოს და შეასუსტოს დემოკრატიული მსოფლიო. ასევე ბრძოლა ხალხის მოტივაციისთვის, იმ შეგრძნებისთვის, ინარჩუნებს თუ არა ნორმალური ცხოვრება თავის პოზიციებს. ასეთ დაპირისპირებაში გაძლება და გამარჯვება არის კომპლექსური სამუშაო. ეს არის ძალისხმევა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვისთვის, ამ ომის წინაშე ჩვენი საზოგადოების მდგრადობის უზრუნველყოფისთვის და ჩვენი საერთო ევროპული ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის, იმ ცხოვრების, რომელსაც პუტინი, პუტინის რუსეთი ანადგურებს ყველგან, სადაც კი ფეხს დადგამს. ეს იწყება დანაწევრებით და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორიც არის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ომის ორი წლის განმავლობაში უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ და გაუძლონ თავდამსხმელებს. ჩვენ შეგვიძლია, ოკუპანტებს უკან დახევა ვაიძულოთ და უკრაინისთვის აუცილებელია გამარჯვების მიღწევა. ჩვენ დავიბრუნეთ შავი ზღვა და თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების დამსახურებით გვაქვს მტკიცებულება, რომ შეგვიძლია ნებისმიერი რუსული რაკეტების და დრონების ჩამოგდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს და ყველა ერს.

"როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური განწყობები ევროპაში, ჩვენი რეალობა ასეთია: ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს გამონაკლისის გარეშე, ყველა ერს, რომელიც იზიარებს მთელი ევროპის საერთო ღირებულებებს და სურს, როგორც ჩვენ, იცხოვროს მშვიდობიანად. უკრაინელები ასეთი ერია. ისევე, როგორც ჩვენი მეზობლები მოლდოვაში, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც პატივს სცემენ ევროპას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. აუცილებლად დადგება თავისუფალი ბელარუსის დროც, ბელარუსის დრო ევროპაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.