უკრაინელი დამცველები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ანადგურებდნენ ოკუპანტებს პოკროვსკში. ქალაქის მესამედზე მეტი მტრისგან გაწმენდილია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი სოციალურ ქსელში წერს.

სირსკიმ აღნიშნა, რომ მან კიდევ ერთი სამუშაო ვიზიტი დაასრულა პოკროვსკის სექტორში. იქ მან შეხვედრა გამართა სამხედრო სარდლობასთან, ასევე სამხედრო დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მეთაურებთან.

გენერლის თქმით, მიზნები უცვლელი რჩება: უკრაინული პოზიციების დაცვა, რუსი ოკუპანტების პერსონალისა და აღჭურვილობის მაქსიმალური რაოდენობის იდენტიფიცირება და განადგურება, ასევე მათი ლოგისტიკის დარღვევა და ჰაერში მტრისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა.

„ჩვენ ვბლოკავთ ქალაქებზე მცირე ქვეითი ჯგუფებით შტურმის მცდელობებს. ამ მიზნით, ასევე დაკარგული პოზიციების აღსადგენად, ჩვენი დანაყოფები აქტიურ ოპერაციებს ატარებენ. ბოლო კვირის განმავლობაში,  პოკროვსკში, ჩვენ ჩავატარეთ მტრის ძებნა და განადგურება დაახლოებით 11,5 კვადრატული კილომეტრის ფართობზე“, - განაცხადა სირსკიმ.

აღსანიშნავია, რომ პოკროვსკის საერთო ფართობი 29,7 კვადრატული კილომეტრია. ამრიგად, 11,5 კვადრატული კილომეტრი ქალაქის ტერიტორიის მესამედზე მეტია.

ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა თითქოს, პოკროვსკის 70% დაიკავეს.