უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან კლიშჩიივკა გაათავისუფლეს, თუმცა მტერი არ წყვეტს დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის მცდელობებს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების 80-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადა ავრცელებს.

"კლიშჩიივკა ჩვენია! "ლიუტის" ბრიგადის ჯარისკაცებმა თავდაცვის ძალების ძმებთან ერთად უკრაინის დროშა დააბრუნეს გათავისუფლებულ კლიშჩიივკას თავზე", - წერენ სამხედროები.

ბრიგადამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა კლიშჩიივკაში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. სამხედროებმა განაცხადეს, რომ დასახელებული პუნქტი გაათავისუფლეს 80-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის, მე-5 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის და "ლიუტის" ბრიგადის ჯარისკაცებმა.

"მაგრამ მტერი მუდმივად ცდილობს ჩვენ ჯარისკაცებს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს და ცეცხლის ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს“, - აღნიშნეს სამხედროებმა.

კლიშჩიივკას ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ადასტურებს უკრაინის შსს.

"ნაციონალური პოლიციის ბრიგადის „ლიუტის“ მებრძოლებმა 80-ე სპეციალიზებული ბრიგადის და მე-5 სპეციალიზებული ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად, მძიმე ბრძოლების შედეგად, განდევნეს რუსი ოკუპანტები და უკრაინის დროშა დაუბრუნეს განთავისუფლებულ კლიშჩიივკას", - აცხადებენ შსს-ში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 17 სექტემბრის საღამოს ანგარიშში არ ახსენა კლიშჩიივკას განთავისუფლება, მაგრამ აღნიშნა, რომ კლიშჩიივკას რაიონში სამხედროებმა მოიგერიეს მტრის 5 თავდასხმა და ასევე განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან.