უკრაინის თავდაცვის ძალებმა 15 აგვისტოს ღამით რუსეთის ორ სტრატეგიულ ობიექტს - სამარაში მდებარე სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრ "პროგრესს“ და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ "სავასლეიკას“ დაარტყა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

კოსმოსური ცენტრი „პროგრესი“ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 900 კილომეტრში მდებარეობს. მის დასაზიანებლად უკრაინამ ახალი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები - FP-5 „ფლამინგო“ გამოიყენა. საწარმოში, რომელიც „როსკოსმოსის“ სტრუქტურაში შედის, ძლიერი ხანძარი გაჩნდა და არსებული ინფორმაციით, დაზიანდა საბორტო ელექტრონიკის საამქრო. ქარხანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, რადგან იქ იწარმოება ელექტრონიკა ფრთოსანი რაკეტების („კალიბრი“, X-101), დრონების და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მართვისთვის.

რაც შეეხება სამხედრო აეროდრომ „სავასლეიკას“, ის უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს და გამოიყენება გამანადგურებელ МиГ-31К-ების ბაზირებისთვის, რომლებიც ჰიპერბგერითი რაკეტების "კინჟალების“ გადამტანები არიან. ღამით აეროდრომზე აფეთქებების სერია მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

გარდა ამისა, ზიანი მიადგა ნავთობის ობიექტს უსტ-ლუგაში, რომელიც საზღვრიდან 800 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

"ჩვენი გეგმა ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის საომარი პოტენციალი შემცირდეს. მშვიდობაა საჭირო და რუსეთში ეს თვალსაჩინო უნდა იყოს - კონკრეტული ობიექტებისთვის კონკრეტული ზიანის მიყენებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.