შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული. შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.

"ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა, რასაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს გაუნაწილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას თავად მიისაკუთრებდა.

აღნიშნული პირის მიმართ 2026 წლის 15 აპრილიდან სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.