უკრაინის თავდაცვის ძალებმა დღეს დილით შეაჩერეს რუსეთის შეტევა ხარკოვის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ რუსების ასეთი ქმედებებისთვის.

"უკრაინა მათ შეხვდა ჩვენი ჯარით, ბრიგადებით და არტილერიით, მნიშვნელოვანია, რომ მათ შეეძლოთ მეტი ძალების გაზრდა და მოზიდვა ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა, ჩვენმა სარდლობამ იცოდა ამის შესახებ და გათვალეს მათი ძალები. ახლა ამ მიმართულებით სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ჩვენ მათ ცეცხლით შევხვდით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ახალ თავდასხმებს გეგმავენ ხარკოვსა და სუმიზე. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასეთი გეგმების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათი განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მოამზადოს თავდასხმა ხარკოვსა და სუმის რეგიონზე მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში, თუმცა, მისი თქმით, რუსეთის ჯარებს არ აქვთ საკმარისი ძალა აღმოსავლეთ უკრაინის ამ ორი დიდი ქალაქის დასაკავებლად.