უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იური პოჰრებნი უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის ძალების ახალ ხელმძღვანელად დანიშნა.

"დაინიშნოს იური პოჰრებნი უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ძალების მეთაურად“, - აღნიშნულია ზელენსკის ბრძანებაში.

მეორე ბრძანებულებით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ კარპენკო ლოგისტიკის ძალების სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იური პოჰრებნი 41 წლის სამხედრო მეთაურია, რომელსაც ჯარების ტექნიკური და ლოგისტიკური უზრუნველყოფის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იყო 58-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილე შეიარაღების დარგში და ხელმძღვანელობდა 532-ე სარემონტო-აღდგენით პოლკს, რომელიც ხარკივის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებს უზრუნველყოფდა. ივლისის ბოლოდან კი ლოგისტიკის ძალების სარდლის მოვალეობას დროებით ასრულებდა.

ლოგისტიკური ძალები, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელი არიან ჯარების იარაღით, საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით, საწვავითა და საკვებით უზრუნველყოფაზე, ასევე სამხედრო ტექნიკის შეკეთებაზე.