ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც გურამ დადიანიძე ითხოვს დახმარებას, არის საფრთხის ქვეშ, არის დღე და ამით დასტურდება, რომ დღის განმავლობაში გურამი გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა. თუ ობიექტური გამოძიება ჩატარდება, შესაძლებელია გაეცეს პასუხი კითხვას სად არის და რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე, - ამის შესახებ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ის ესაუბრა გავრცელებული ვიდეოს ავტორს და მისგან მიიღო დაპირება, რომ თუკი იმ დღის რაიმე ვიდეო კიდევ აქვს, დღესვე გაუგზავნის.

"მე როდესაც დავურეკე ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გურამ დადიანიძის დედას, მან კატეგორიულად და ცალსახად განაცხადა, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. 

ჩასატარებელია დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე დასანიშნია ექსპერტიზა, აღნიშნულ ხმასთან დაკავშირებით. საინტერესოა ის სიტყვები, რომელსაც, სავარაუდოდ, აჟღერებს გურამ დადიანიძე. ის მიმართავს კონკრეტულ პირს და სთხოვს, არ მიატოვოს. აქ საყურადღებოა ის ტონი, რითაც ითხოვს დახმარებას. ეს არის განწირული ხმა ადამიანისა, რომელიც გასაჭირშია. ისმის შეკითხვა - რა პრობლემა ჰქონდა ამ ადამიანს და რატომ არ მიაქციეს ყურადღება?! 

12 წელი გურამ დადიანიძის დედას უმტკიცებდნენ, რომ მისი შვილი დაიკარგა, რომ ის იყო ქვაზე ჩამომჯდარი ღამე და თითქოს, შეუძლებელი იყო იმის დანახვა, სად წავიდა და როგორ გაუჩინარდა ის. თუმცა, ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც გურამ დადიანიძე ითხოვს დახმარებას, არის საფრთხის ქვეშ, არის დღე და ამით დასტურდება, რომ დღის განმავლობაში გურამი გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა. თუ ობიექტური გამოძიება ჩატარდება, შესაძლებელია გაეცეს პასუხი კითხვას - სად არის და რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე.

მე პირადად ვესაუბრე ვიდეოს ავტორს, მქონდა მასთან კომუნიკაცია, ველოდები კიდევ სხვა ვიდეოებს, წინასწარ, რა თქმა უნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა, როგორც კი რაიმე ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი იქნება,ისე რომ, გამოძიების ინტერესები არ დავაზიანო, მე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.

ვიდეოს ავტორი მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, თავად იღებდა ვიდეოს და თავადვე დადო YOU TUBE არხზე აღნიშნული ვიდეო. ის ასევე გარკვეულ დეტალებს ადასტურებს, თუმცა, ვერ იხსენებს, ბევრ დეტალს. ის მე დამპირდა, რომ თუ რაიმე ვიდეო აქვს, კონკრეტული დღის, კონკრეტული მონაკვეთის ამსახველი, ყველას დღესვე მომაწვდის. მე შევისწავლი ყველა ამ მტკიცებულებას და, რა თქმა უნდა, თუ იქ რამე ხელჩასაჭიდი და საინტერესო გამოჩნდა, ამის შესახებ საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებ. ეს ადამიანი მეუბნება, რომ გურამ დადიანიძესთან ერთად არ იმყოფებოდა, ის საერთოდ არ იცნობს გურამს, უფრო მეტიც, როდესაც მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ვარ ადვოკატი, რომელიც ჩართული ვარ გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე, მან მითხრა, რომ ამ საქმის შესახებ მისთვის ცნობილი არაფერი არ არის და პირველად ჩემგან გაიგო",  - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდი გურამ დადიანიძე ამბობს - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები".