უკრაინასა და აშშ-ის შორის სამუშაო დონეზე ირკვევა ყველა დეტალი თავდაცვითი მხარდაჭერის მიწოდების თაობაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მან უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოხსენებები მოისმინა.

"კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებთან დაკავშირებით. ახლა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამუშაო დონეზე ზუსტდება ყველა დეტალი თავდაცვის მხარდაჭერის მიწოდების შესახებ, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის კომპონენტთან დაკავშირებით.

ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის დაცვა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-მა გადაწყვიტა უკრაინისთვის საზენიტო რაკეტების და "სხვა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის“ მიწოდების შეჩერება ივნისის დასაწყისში, თუმცა მიწოდება მხოლოდ ახლა შეწყდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანას არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია შეთანხმებული თავდაცვითი დახმარების მიწოდების გრაფიკის შეჩერების ან გადახედვის შესახებ, ამიტომ ისინი ცდილობენ ამ საკითხის პირდაპირ ამერიკელებთან გარკვევას.

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტემ გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ნაწილის შეჩერების შესახებ და აღნიშნა, რომ მას ესმის აშშ-ის ადმინისტრაციის სურვილი, პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე იზრუნოს. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მოკლევადიან პერიოდში უკრაინა ვერ გაძლებს ყველა იმ მხარდაჭერის გარეშე, რაც მას შეუძლია მიიღოს საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების თვალსაზრისით".