უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1300 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს და რუსეთის ფლოტზე დარტყმები დაადასტურა.

"ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა კიდევ ერთხელ იმუშავა და შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებსაც ის ომისა და უკრაინელების მკვლელობის დასაფინანსებლად იყენებს.

ბაშკორტოსტანში დარტყმა განხორციელდა „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე. იაროსლავის ოლქში კი, ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრის დაშორებით, დარტყმა განხორციელდა "სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე.

წარმატებული იყო ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიაზე შავ ზღვაშიც. კერძოდ, დარტყმა განხორციელდა ორ სამხედრო-საპატრულო კატარღას და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე.

მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების ყველა მებრძოლს, რომლებიც სისტემატურად აფართოებენ ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ამით ზრდიან დიპლომატიის შანსებს. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურის შტაბის ინფორმაციით, დარტყმები 5 აგვისტოს და 6 აგვისტოს ღამეს განხორციელდა.