უკრაინა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის მასშტაბური ტრანსფორმაციისთვის ემზადება. იგეგმება სახელმწიფო აპარატის მოვლა-პატრონობაზე ხარჯების შემცირება, დერეგულაციის განხორციელება და ქვეყნის თავდაცვისთვის მეტი რესურსის მიმართვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ დღეს, 13 ივლისს, შეხვედრა გამართა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელ დენის შმიგალთან. შეხვედრის დროს განიხილეს შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯები.

"ჩვენ უნდა განვახორციელოთ ყველა დაგეგმილი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში მეწარმეობის მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით, ასევე გავაფართოოთ შიდა იარაღის წარმოების პროგრამები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ყველა შეთანხმების აუდიტი: თავდაცვის პაკეტები, საინვესტიციო გადაწყვეტილებები, უკრაინის ენერგეტიკული და სოციალური მდგრადობის მხარდაჭერის შეთანხმებები.

"ჩვენ ასევე ვამზადებთ ხელშესახებ მენეჯმენტის ტრანსფორმაციას, რომელიც შეამცირებს სახელმწიფო აპარატის შენარჩუნების ხარჯებს, უზრუნველყოფს მნიშვნელოვან დერეგულაციას და მიმართავს მაქსიმალურ ხელმისაწვდომ რესურსებს უკრაინისა და უკრაინელების დასაცავად. ჩვენ ვადგენთ აღმასრულებელი ხელისუფლების მომავალ კონფიგურაციას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ზელენსკი უკრაინის თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს შეხვდა. ამის შემდეგ მან თავდაცვის სამინისტროში ცვლილებები დააანონსა. ეს განცხადება გაკეთდა იმ გავრცელებულ ინფორმაციების ფონზე, რომ უმეროვმა შესაძლო, აშშ-ში უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა ჩაანაცვლოს, რომელიც თანამდებობას ტოვებს. უმეროვის გარდა, აშშ-ში ელჩის პოსტზე პოტენციურ კანდიდატებს შორის ასევე მოიხსენიებენ პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა და ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით,  მთავრობის ახალი მეთაური პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო უნდა გახდეს. დენის შმიგალმა ახალ კაბინეტში შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელოს რუსტემ უმეროვის ნაცვლად, რომელიც აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება.