უკრაინა გეგმავს დღეში 1000 შორი მანძილის დრონის წარმოებას მიაღწიოს, რათა რუსეთის თავდასხმებს უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას დაევალა, მნიშვნელოვნად გაზარდოს რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის დარტყმებისთვის განკუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება.

"მიზანი: დღეში ათასი დრონი რუსეთის წინააღმდეგ შორს მოქმედი სანქციებისთვის. ამჟამად დღეში საშუალოდ 300-ზე მეტ დრონს ვიყენებთ, მეტი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი და მას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა გააძლიერა ტერორისტული კამპანია და მასიურად იყენებს "შაჰედებს". მუდმივი თავდასხმები ფიქსირდება კიევის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და სუმის, ჩერნიგოვის, დნეპრის, ხერსონის ოლქებში.

"არსებითად უნდა დაჩქარდეს ინტერცეპტორების წარმოება სწორედ ასეთი რეაქტიული "შაჰედების“ წინააღმდეგ, რათა ჩვენმა შორ მანძილზე დარტყმებმა რუსეთს უფრო მძაფრად აგრძნობინოს პასუხისმგებლობა ამ ომის გაგრძელების არჩევანზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციაში სამიზნეებზე თავდაცვის ძალების სისტემატური დარტყმები უკვე ხელშესახებ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ შედეგებს იძლევა. რუსეთის ბენზინის მარაგი და ექსპორტი შემცირდა და მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემები წარმოიშვა. რუსეთმა ისტორიაში პირველად დაიწყო ბენზინის იმპორტი და ბიუჯეტის სახსრებს ნავთობკომპანიების მხარდასაჭერად ხარჯავს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მტრისთვის ასეთი დანაკარგები გაიზრდება, თუ მოსკოვი უარს იტყვის ომის დასრულების შესახებ ნორმალურ მოლაპარაკებებზე.