უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, რაც შეიძლება მალე შეხვდეს თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს სამშვიდობო გეგმის დასასრულებლად. ეს შეიძლება 27 ნოემბერსაც მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, სურს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე - შესაძლოა, მადლიერების დღეზე, რათა დასრულდეს აშშ-უკრაინის ერთობლივი შეთანხმება ომის დასრულების პირობებზე“, - განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, ორი პრეზიდენტის შეხვედრამ შესაძლოა, "წონა შესძინოს“ ტრამპის სამშვიდობო გეგმას და რუსეთს აჩვენოს აშშ-ის მხარდაჭერა მის მიმართ.

"ვიმედოვნებ, პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგება, რადგან ეს პრეზიდენტ ტრამპს დაეხმარება გააგრძელოს თავისი ისტორიული მისია ამ ომის დასრულების მიზნით“, - აღნიშნა ერმაკმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მადლიერების დღე წელს 27 ნოემბერს აღინიშნება. ამერიკელი ლიდერი გეგმავს დღესასწაულებზე ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, თავის რეზიდენციას ეწვიოს და თეთრ სახლში 30 ნოემბრის საღამოს დაბრუნდეს.

დასავლურმა მედიამ 20 ნოემბერს 28-პუნქტიანი ამერიკული სამშვიდობო გეგმის პროექტი გამოაქვეყნა. არაოფიციალური ინფორმაციით, დოკუმენტი შეიცავდა დებულებებს, რომლებიც რუსეთისთვის დათმობად იქნა მიჩნეული.

უკრაინამ დელეგაცია გაგზავნა ჟენევაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის, რათა დოკუმენტის ყველაზე საკამათო დებულებები გადაეხედათ.

კონსულტაციების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსანდრ ბევზმა განაცხადა, რომ პროექტიდან ზოგიერთი პუნქტი ამოიღეს, ზოგი კი შესწორდა.

24 ნოემბერს, Financial Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა თითქმის მესამედით შემცირდა. კერძოდ, დოკუმენტი ახლა 19 პუნქტს შეიცავს თავდაპირველი 28-ის ნაცვლად.

დღეს, 25 ნოემბერს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინაც და რუსეთიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართო.