უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა აშშ-ის სამშვიდობო გეგმას სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად, თუმცა ჯერ კიდევ არის "მცირე დეტალები“, რომლებიც დასაზუსტებელია, - ინფორმაციას CBS News ავრცელებს.

ტელეარხი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება "დათანხმდა სამშვიდობო შეთანხმებას“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით იყო მიღწეული.

"უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. არის რამდენიმე უმნიშვნელო დეტალი, რომელიც უნდა დაზუსტდეს, მაგრამ ისინი დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ წინადადებაზე ზოგადი შეთანხმება მიღწეულია, რომლის დეტალებიც ჯერ კიდევ დასამუშავებელია.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნოემბრის ბოლომდე შეძლებს ვაშინგტონში ვიზიტს შეთანხმების დასასრულებლად.