უკრაინა აგრძელებს 10 ოქტომბრის ღამეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგების აღმოფხვრას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო "ცინიკური და გათვლილი თავდასხმა“, რისთვისაც გამოყენებული იყო 450-ზე მეტი დრონი და სამ ათეულზე მეტი რაკეტა და მიმართული იყო იმ ობიექტებისკენ, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინელების ნორმალურ ცხოვრებას.

"ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი დაშავებული ადამიანის შესახებ არის ცნობილი - ყველა იღებს საჭირო დახმარებას. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და ახლობლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კიევში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები გრძელდება. ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა კიევის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ხარკოვის, სუმის, პოლტავას, ოდესის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და ხერსონის ოლქებში.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ადგილზე ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული და მაშველები ებრძვიან დაბომბვის შედეგებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გათბობის სეზონის დაწყებამდე რუსეთი განზრახ ესხმის თავს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მან მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან - გაზარდონ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და დააწესონ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

"ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ქმედებები და არა ცარიელი სიტყვები - აშშ-სგან, ევროპისგან და დიდი შვიდეულისგან. ჩვენ ველით პასუხს ამ სისასტიკეზე დიდი ოცეულისგან და ყველა მათგანისგან, ვინც მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ თავს იკავებს რეალური ქმედებებისგან. მსოფლიოს შეუძლია დაიცვას თავი ამ დანაშაულებისგან და ეს გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.