უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და რუსეთის მიერ კიევზე ღამის თავდასხმები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სიტუაციაზე: რუსეთის საჰაერო დარტყმებზე და უფრო ფართოდ, ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად არის ინფორმირებული, მადლობა უკრაინისადმი ამ ყურადღებისთვის. ჩვენ განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ცის დაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ შევთანხმდით ჩვენი გუნდების შესაბამის შეხვედრაზე“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე, ზელენსკის თქმით, მან და ტრამპმა განიხილეს უკრაინა-ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობის შესაძლებლობები. კერძოდ, განიხილეს აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის და დრონების ერთობლივი წარმოება.

„ჩვენ მზად ვართ ამერიკასთან პირდაპირი პროექტებისთვის და გვჯერა, რომ ეს ძალიან აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით დრონების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მხრივ“, - წერს ზელენსკი.