უკრაინულმა ჯარებმა სუმზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია მთლიანად ჩაშალეს. მტერმა მძიმე დანაკარგები განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შტაბის დღევანდელ სხდომაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები და არსებული თავდაცვითი რესურსების საკითხები განიხილეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ფრონტის ძირითად რაიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარადგინა.

"სუმის რეგიონში შედეგებია: დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სუმზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია ჩვენმა ძალებმა მთლიანად ჩაშალეს. ბრძოლები გრძელდება სუმის რეგიონის სასაზღვრო ზონაში, მაგრამ სუმის მიმართულებით რუსულმა დაჯგუფებამ დანაკარგების შედეგად შეტევითი შესაძლებლობები დაკარგა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე აქტიურად აგრძელებენ რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლას დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეში.