უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა პილოტს მაქსიმ უსტიმენკოს, რომელიც დღეს რუსეთის მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა.

"უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის, უკრაინელი ხალხისადმი თავდაუზოგავი სამსახურისთვის, ვბრძანებ: პოლკოვნიკ მაქსიმ უსტიმენკოს (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭოს უკრაინის გმირის წოდება ოქროს ვარსკვლავის ორდენით“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ უსტიმენკო ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი იყო.

"მივანიჭე გმირის წოდება, სამწუხაროდ, სიკვდილის შემდეგ. დღეს ის დაიღუპა ჩვენი ცის, ჩვენი ხალხის კიდევ ერთი რუსული მასიური თავდასხმისგან დასაცავად - მხოლოდ გუშინ ღამით 500-ზე მეტი თავდასხმის დრონი და რაკეტა. მათი უმეტესობა ჩამოაგდეს.

მაქსიმ უსტიმენკო ჯერ კიდევ ანტიტერორისტული ოპერაციის პერიოდიდან იბრძოდა. ის ფლობდა ოთხი ტიპის თვითმფრინავის მართვას და მის ანგარიშზე იყო უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგები. ასეთი ადამიანების დაკარგვა მტკივნეულია. ჩემი თანაგრძნობა მის ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს. მარადიული ხსოვნა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა 29 ივნისის ღამით დრონების და რაკეტების გამოყენებით დაიწყო. პილოტი მაქსიმ უსტიმენკო უშუალოდ მონაწილეობდა ამ თავდასხმის მოგერიებაში. მან ჩამოაგდო 7 საჰაერო სამიზნე. ბოლო თავდასხმის დროს მისი თვითმფრინავი დაზიანდა და სიმაღლის დაკარგვა დაიწყო.

ცნობილია, რომ პილოტმა მოახერხა თვითმფრინავის დასახლებული ადგილიდან გაყვანა, მაგრამ კატაპულტირება ვეღარ მოასწრო.