შედეგი არის ის, რომ "ოცნებაში" დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა ერთმანეთის, ვიღაცის ჩამოშორება, კორუფციაზე თემის ამოწევა იმისთვის, რომ კიდევ ვიღაცები ჩამოიშორონ. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატორული რეჟიმის ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პასუხი ყველაფერზე არის ერთობა.

"უნდა მოგილოცოთ! უნდა მოგილოცოთ ის, რომ 7 თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს. ვერაფერი ვერ გაუკეთეს პროტესტს, ვერანაირად ვერ დაშალეს, ვერ შეასუსტეს. 7 თვე უწყვეტად გრძელდება პროტესტი და ამ ვითომდა ძალიან ძლიერმა რეჟიმმა, რომელიც ყოველდღიურად იმუქრება, ვერც დააშინა და ვერც დაშალა. 7 თვეა, გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტში ძალიან დიდი ფასი გადაიხადეთ თქვენ.

რეჟიმი ვერ იმარჯვებს! ეს ჩანს თქვენი აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და იქნება ხვალაც, ზეგაც, სანამ არ მივაღწევთ შედეგს! და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ "ოცნებაში" დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა ერთმანეთის, ვიღაცის ჩამოშორება, კორუფციაზე თემის ამოწევა იმისთვის, რომ კიდევ ვიღაცები ჩამოიშორონ. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატორული რეჟიმის ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება!

"ოცნება" სრულ იზოლაციაშია მთელი მსოფლიოსგან, არავინ მათ აღარ ხვდება და უნდათ, შექმნან რაღაც პაროდიები მილანში საკონსულოების გახსნისა. უნდა აჩვენონ, რომ რაღაც კავშირები ვითომ კიდევ გააჩნიათ. არა! აღარანაირი!

ახლა ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. არა უშავს, ესეც აღარ გამოუვათ, იმიტომ, რომ არაფერი აღარ გამოუვათ, თუკი ჩვენ ვიქნებით ყველანი ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა. ერთობა არის გამარჯვება! გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც რაიმე სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. სადაც ერთობაა, იქ ვარ მე! მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ!

იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ, მადლობა თქვენ!" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ლოზუნგით - "დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“ იმართება.